პროკურატურა: მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებში 399 495 ლარი დაიხარჯა
საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილმა საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაასაჯაროოს სდსს-ს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთი ეპიზოდი. გამოძიების მასალებიდან დგინდება რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.
რაც შეეხება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს.
აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს. ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს დამატებით გავნვამრტოთ, რომ სდსს-ის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით.
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად, კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. (იხ. დოკუმენტი1; დოკუმენტი2; დოკუმენტი3; დოკუმენტი4;დოკუმენტი5; დოკუმენტი6; დოკუმენტი7; დოკუმენტი8; დოკუმენტი9; დოკუმენტი10; დოკუმენტი11; დოკუმენტი12; დოკუმენტი13; დოკუმენტი14; დოკუმენტი15; დოკუმენტი16; დოკუმენტი17; დოკუმენტი18; დოკუმენტი19; დოკუმენტი20; დოკუმენტი21; დოკუმენტი22; დოკუმენტი23; დოკუმენტი24; დოკუმენტი25; დოკუმენტი26; დოკუმენტი27; დოკუმენტი28) საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.