თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამოდენიმე გასროლით, თბილისში, სს ,,საგზაო კომპანია თბილისის” ოფისში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების დროს, ორ პირს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.
აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის” ოფისში მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში და სროლაში გადაიზარდა, რასაც ორი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ხოლო რამოდენიმე პირმა ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 14 პირი, მათ შორის ორს ბრალდება წარდგენილი აქვს 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო 12 პირს – 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).
ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვა.
სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.