რუსეთში სკოლებთან, საავადმყოფოებთან, ადმინისტრაციულ შენონებთან აქციების გამართვა აიკრძალა – ახალი კანონი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს იმ ადგილების სიას, სადაც მიტინგების, მსვლელობების და დემონსტრაციების გამართვა არის აკრძალული.
დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
ცვლილებების მიხედვით, იკრძალება აქციების გამართვა საჯარო ხელისუფლების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე; აეროპორტებში; რკინიგზისა და საავტომობილო სადგურებზე; პორტებში; უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების, საავადმყოფოების შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე; ასევე, მიწის ნაკვეთები, სადაც ეკლესიები და სხვა შენობებია განთავსებული.
გარდა ამისა, აკრძალვა გავრცელდება კრიტიკული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრო, თერმული, წყლის და გაზის ქსელების მუშაობას.
ამჟამად, რუსეთში აქციების გამართვა აკრძალულია მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციის, სასამართლოების, სასწრაფო საოპერაციო სამსახურების და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დაწესებულებების შენობებთან.
ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ რეგიონს შეუძლია შეხვედრების, მიტინგებისა და დემონსტრაციების ადგილების საკუთარი ტერიტორიებიც დაამატოს, თუ ასეთი ზომა “განპირობებულია რუსეთის სუბიექტის ისტორიული, კულტურული და სხვა ობიექტური მახასიათებლებით”.