საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის მიღებით საჯარო შესყიდვების სფეროში ასოცირების შეთანხმებით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ახალი ინსტიტუტები.

„კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას”,- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ვახტანგ ბაჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სიახლეებზე, რაც კანონპროექტს შემოაქვს. მისი თქმით, ახლებურად რეგულირდება შავი სიასთან დაკავშირებული საკითხები – საფუძვლები, ძირითადად, ეფუძნება დირექტივის მოთხოვნებს. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო შესყიდვის სპეციალისტები დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რაც, ერთი მხრივ, საჯარო შესყიდვებში გაზრდის კვალიფიკაციის დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას.

„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში (თუ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია) საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო აღარ იქნება შესყიდვების კომიტეტის გამოყენება და შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება შესყიდვის ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვა განახორციელოს როგორც შესყიდვების კომიტეტის მიერ, ასევე, შესყიდვების კომიტეტის გარეშე.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების, ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმებისა და საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების აღწერის წესები, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების დებულებები, რომლებიც ეფუძნება 2014/24/EU დირექტივის შესაბამის დებულებებს”,- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები