მსოფლიოში მეშვიდე წელია, იარაღისა და სამხედრო მომსახურების გაყიდვები მზარდია.
ინდუსტრიის 100-მა საუკეთესო კომპანიამ 2021 წელს 592 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა, რაც, 2020 წელთან შედარებით, 1,9%-ით მეტია.
ამის შესახებ მსოფლიოს პრობლემების შესწავლის სტოკჰოლმის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშშია ნათქვამი.
ექსპერტების აზრით, თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მიწოდების ჯაჭვის პრობლემები გაზარდა, მათ შორის, იმის გამოც, რომ რუსეთი არის იარაღის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის მთავარი მიმწოდებელი.
მათი თქმით, ამან შეიძლება, შეაფერხოს აშშ-ისა და ევროპის შეიარაღებული ძალების გაძლიერება და მარაგების შევსება მას შემდეგ, რაც უკრაინაში მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა გაიგზავნა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშები მიუთითებენ იმაზე, რომ რუსული კომპანიები ომის გამო წარმოებას აძლიერებენ, მათ გაუჭირდათ შუამავალ რგოლებთან წვდომა, მათზე გავრცელებული სანქციების გამო.
იარაღის გაყიდვის ასეულში ამერიკული კომპანიები ლიდერობენ.
კერძოდ, 2021 წელს რეიტინგში შემავალი 40 ამერიკული კომპანიის იარაღის გაყიდვამ 299 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2018 წლიდან ტოპ 100-ში შემავალი ხუთი უმსხვილესი კომპანია აშშ-ში მდებარეობს.
გასულ წელს ტოპ 100-დან ევროპის 27 კომპანია იყო. მათი ერთობლივი იარაღის გაყიდვები, 2020 წელთან შედარებით, 4,2 პროცენტით გაიზარდა და 123 მილიარდი დოლარი შეადგინა.