ლატვიაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას VDD-ის ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, ჯარიმის მიზეზი ტელეკომპანიის განცხადება გახდა, სადაც მან ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას „ჩვენი არმია“ უწოდა.

მედიის ცნობით, ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ გამოძიება საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებული სკანდალური განცხადებების გამო დაიწყო, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჯარისკაცებისთვის დახმარების გაწევის ეჭვს აჩენს.

გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს ტელეარხ „დოჟდის“ ეთერში გასულ საინფორმაციო გამოშვებაში „აქ და ახლა“  გადაცემის მსვლელობისას მისმა წამყვანმა მაყურებელს შესთავაზა ფრონტზე მობილიზებული რუსი მოქალაქეების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმედი გამოთქვა, რომ არხი შეძლებდა დახმარებოდა რუსი ჯარისკაცებს „აღჭურვილობითა და ძირითადი კეთილმოწყობით“.

VDD აღნიშნავს, რომ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ რუსი საოკუპაციო ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, რუსეთისადმი ნებისმიერი დახმარების გაწევა დაუშვებელია. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ფინანსური საშუალებების ან ნებისმიერი სხვა საკუთრების პირდაპირი ან ირიბი შეგროვებისთვის ან გადაცემისთვის მხარისთვის, რომლის საქმიანობაც მიმართულია რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

„დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინა კოტრიკაძემ ტელეარხის რედაქციის სახელით აღნიშნულ ფრაზას „დოჟდის“ მთელი სარედაქციო გუნდისთვის „მცდარი და კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ 2 დეკემბერს „დოჟდმა“ თანამშრომლობა შეწყვიტა სკანდალური ფრაზის ავტორთან, ალექსეი კოროსტელევთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები