ილია ღუდუშაური: რეფერენტული პოლიტიკის ფარგლებში, მოსახლეობას მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ექნება, რომ იაფად შეიძინოს ხარისხიანი მედიკამენტები

საქართველოს პარლამენტმა წამლების რეფერენტული ფასის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ რეფორმის ამოქმედებით, 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვა მოხერხდება.

უფრო დეტალურად, თუ რას მოიცავს რეფორმა და რა გავლენას მოახდენს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, “კვირა” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ესაუბრა.

როგორც ის განმარტავს, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის თუ მედიკამენტების მიწოდებაა, რეფერენტული ფასების დაწესება კი ამ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია.

„წლის დასაწყისიდან სამინისტროს და, ზოგადად, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამ მიმართულებით რამდენიმე ღონისძიება განხორციელდა. პირველი იყო თურქული მედიკამენტებისთვის საქართველოს ბაზრის გახსნა, შემდეგ ეტაპზე უკვე ექიმების დავალდებულება, რომ გენერიკულად გამოიწეროს ელექტრონული რეცეპტები და გარკვეული პოზიტიური სიის შექმნა გენერიკულ მედიკამენტებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მედიკამენტების პოპულარიზება მოხდეს და შემდეგი ეტაპი, რომელზეც ჩვენ დაახლოებით 5-6 თვეა, ვმუშაობთ, იყო რეფერენტული საფასო პოლიტიკის შემოღება საქართველოში.

რეფერენტული პოლიტიკა საკმაოდ კომპლექსური მიდგომაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა წარმატებული ქვეყანა იყენებს. თავისი შინაარსით მოიაზრებს, რომ ქვეყანა ირჩევს სხვა რეფერენტულ ქვეყნებს, სადაც ნახულობს კონკრეტული მედიკამენტების ფასებს და ამ ქვეყნების სტატისტიკაზე დაყრდნობით, აწესებს ქვეყანაში იმ მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ზევითაც ეს მედიკამენტები არ შეიძლება გაიყიდოს. საქართველოს არჩეული აქვს აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანა (ლატვია, ბულგარეთი, მონტენეგრო და ჩრდ. მაკედონია) რეფერენტულ ქვეყნად.
სტატისტიკა უკვე შეგროვებულია და იმ ქვეყნებში არსებული საშუალო ფასის გამოანგარიშებით, იანვრის თვიდან დაწესდება მაქსიმალური ფასები დაახლოებით 50 მედიკამენტზე“, – აცხადებს ილია ღუდუშაური.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე რეფერენტული ფასები შეეხება ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს. მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მათზე არსებული მაღალი მოთხოვნისა და მაღალი საფასო ღირებულების გამო შეირჩა.

„ეს 50 მედიკამენტი არის კონკრეტული მოლეკულა და არა-  ბრენდული დასახელება, ეს მოლეკულები სხვადასხვა ბრენდისა და მწარმოებლების სახელით იყიდება აფთიაქებში და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დაახლოებით 1100 მედიკამენტზე დაწესდება მაქსიმალური ზღვარი. ძირითადად, არის ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტები. ეს მედიკამენტები იმიტომ შეირჩა, რომ არის ყველაზე ხშირად მოხმარებადი და ასევე ყველაზე ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლის მიმართაც პაციენტები მოწყვლადები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ჩვენი გათვლებით, რეფერენტულ პოლიტიკაში ჩართული მედიკამენტების ფასები დაახლოებით 40%-ით უნდა გაიაფდეს.

იმ კანონში ცვლილების თანახმად, რომელიც გუშინ გავიდა, მთავრობას ენიჭება შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მედიკამენტზე, რომელსაც განსაზღვრავს კრიტიკულად და მნიშვნელოვნად, დააწესოს მაქსიმალური ზღვარი და ჩართოს რეფერენტულ საფასო პოლიტიკაში. ამ ეტაპზე, საპილოტედ არის მხოლოდ 50 მედიკამენტი შერჩეული. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალიდან გავაფართოოთ არეალი და დამატებით, ის მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტულად გაიცემა აუცილებლად დაემატება რეფერენტულ პოლიტიკას“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ილია ღუდუშაური დასძენს, რომ ცვლილება, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის მხოლოდ მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გაზრდის, ხოლო მეორე მხრივ, 2023 წლის ბიუჯეტში მედიკამენტების დაფინანსების გაორმაგებული პროგრამები საშუალებას იძლევა, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

„წლების განმავლობაში ჯანდაცვის ნაწილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩებოდა ჯიბიდან გადახდები, რომლის ძირითადი ნაწილი მედიკამენტების დაფინანსებაზე მოდიოდა, ანუ მოსახლეობის ჯანდაცვაზე დანახარჯების თითქმის 40% მედიკამენტებზე იხარჯებოდა, იქიდან გამომდინარე რომ ჰოსპიტალური სერვისები მაქსიმალურად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში, ამიტომ, წელს ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად ეს მიმართულება შეირჩა.

ჩვენ ველოდებით, რომ, ერთი მხრივ, წამლების გაიაფების ხარჯზე, რომელსაც რეფერენტული პოლიტიკა მოიტანს, მოსახლეობას მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ექნება, რომ იაფად შეიძინოს ხარისხიანი მედიკამენტები. მეორე მხრივ 2023 წლის ბიუჯეტში მედიკამენტების დაფინანსების პროგრამები არის გაორმაგებული, რაც შესაბამისად, მოგვცემს საშუალებას, რომ დამატებით რისკ ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები მოვიცვათ და ერთი მხრივ გავზარდოთ როგორც არსებული ჯგუფების დაფინანსების ლიმიტები, ასევე გავაჩინოთ ახალი ჯგუფები და ჩავრთოთ ისინი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში.

მიგვაჩნია, რომ ეს არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტი და ის პრობლემა, რაც რჩებოდა წლების განმავლობაში, ჯიბიდან გადახდის ნაწილში, პოზიტიურ დინამიკას მოგვცემს“, – ამბობს ილია ღუდუშაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები