ბრიუსელში გამართულ, ადგილობრივ ლიდერთა ფორუმზე ლევან ჟორჟოლიანი მოხსენებით წარდგა

2 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების მე-4 ფორუმი.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ფორუმის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული აქცენტი დეცენტრალიზაციის რეფორმასა და მწვანე პოლიტიკის შედეგების მნიშვნელობაზე გააკეთეს.

“თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ათეას აღმასრულებელი საბჭოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი ფორუმზე მოხსენებით წარდგა თემაზე: „გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ლოკალიზება საქართველოში და მის მუნიციპალიტეტებში“.
ლევან ჟორჟოლიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე დღის წესრიგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
“2012 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები „გარემოსდაცვითი გარდაქმნის“ მიმართულებით. გარემოს დაცვა ხელისუფლების ყველა დონეზე მთავარი პრიორიტეტია. ეს მიდგომა ასახულია სამართლებრივ აქტებში, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს. საქართველომ უკვე სრულად გაატარა რეფორმა გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მმართველობის განსახორციელებლად.
ვინაიდან საქართველოს მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი, ქვეყანა აგრძელებს რეფორმებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით, „გარემოსდაცვითი დღის წესრიგის“ მიზნები კი ქვეყნის პრიორიტეტებს შორისაა. საქართველომ ახლახან მიიღო სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას: დეკარბონიზაცია, ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, შიდა ენერგეტიკული ბაზარი, კვლევა, განვითარება და ინოვაცია“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მან აღნიშნა, რომ „გარემოსდაცვით დღის წესრიგთან“ დაკავშირებული რეფორმები დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოს ამ პროცესში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„უკრაინაში ომის შემდეგ, ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა რამდენადაც ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა ენერგოდამოუკიდებლობა და მიწოდების დივერსიფიკაცია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კორიდორს, საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს მისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა.
ლევან ჟორჟოლიანმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს წამყვან ქალაქებში დანერგილ მიდგომებზე და განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც გარემოს დაცვის მიზნებისთვის ხორციელდება.
„ეს რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ, ოჯახისკენ, რომელსაც საქართველო ისტორიულად ეკუთვნის. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ საფუძველი „მედეგი ქალაქისთვის“, ხელი შევუწყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას, ცირკულარული ეკონომიკის და მწვანე მშენებლობის განვითარებას“, – დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს წევრმა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა ნინო რუხაძემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.
ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე ფორუმში, ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ”, – აღნიშნულია საკრებულოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები