ევროპის 5 ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები ცხოველების თვალებით მიიღეს

უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე, გენერალურმა საკონსულოებმა ნეაპოლსა და კრაკოვში და საკონსულომ ბრნოში სისხლიანი ამანათები მიიღეს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, “ამანათებში ცხოველთა თვალები იდო. თავად შეფუთვა სისხლით იყო გაღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა”.

გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს, ხოლო ყაზახეთში საელჩომ დანაღმვის შესახებ შეტყობინება მიიღო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.

ამასობაში, შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩომ მიიღო წერილი ევროპული ქვეყნიდან, უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლი.

„არსებობს საფუძველი, მივიჩნიოთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. დიპლომატიურ ფრონტზე უკრაინის შეჩერების უნარის უქონლობის ფონზე, ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, შემიძლია, დაუყოვნებლივ ვთქვა, რომ ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

უკრაინის ყველა საელჩოსა და საკონსულოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები