საქსტატი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას მასპინძლობს

21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საქსტატში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები იმყოფება. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (Residential Property Price Index – RPPI) შემდგომი გაუმჯობესება და მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდების განვითარება, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, RPPI მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მისი ძირითადი მომხმარებლები ეროვნული ბანკი, კერძო დეველოპერები, კვლევითი ორგანიზაციები და სტატისტიკური ინფორმაციის სხვა მომხმარებლები არიან. RPPI-ის დანერგვა საქსტატის მიერ 2021 წელს განხორციელდა, სავალუტო ფონდთან 3-წლიანი თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული ინდიკატორის დანერგვამ ხელი შეუწყო უძრავი ქონების ბაზრის განვითარების და შესაძლო რისკების შეფასებას. მიმდინარე მისიის ფარგლებში განხორციელდა ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიური საკითხების დახვეწა, ასევე საქსტატის თანამშრომელთა უნარების ამაღლება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

რაც შეეხება მონაცემთა შეგროვების თანამედროვე ალტერნატიული მეთოდების განვითარებას, ამ სფეროში მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი წარმოადგენს ვებ-გვერდებიდან მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში ჩამოტვირთვას – ე.წ. „ვებ-სკრეპინგს“ (web scraping). ეს მეთოდი ამჟამად წარმატებითაა დანერგილი RPPI-ის გამოკვლევაში, თუმცა IMF-ის ექსპერტის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი გამოყენება პროგრამა R-ის დახმარებით.

მეორე მიმართულებას წარმოადგენს სკანერული მონაცემები. ეს უკანასკნელი ე.წ. „დიდი მონაცემების“ (Big Data) ნაწილს შეადგენს და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ფასების სტატისტიკაში. სკანერული მონაცემები წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან მიღებულ ინფორმაციას დროის კონკრეტულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის შესახებ, ე.წ. შტრიხ-კოდების მიხედვით. ფასების შეგროვების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ამ სახის მონაცემები გაცილებით უფრო ზუსტი, დროული და ფართო მოცვის მქონეა, მისი გამოყენება კი მნიშვნელოვნად აამაღლებს ინფლაციის მაჩვენებლის სიზუსტეს.

მისიის განმავლობაში სავალუტო ფონდის ექსპერტის დახმარებით მიმდინარეობს მონაცემთა ანალიზი და დამუშავება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება საქსტატის თანამშრომლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები