გააქტიურებული დუმა ოკუპირებულ აფხაზეთში – ვოლოდინის შემდეგ, სოხუმში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელოდებიან
ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ანდრეი კარტოპოლოვი ეწვევა.
კარტოპოლოვი ე.წ. სამუშაო ვიზიტით აფხაზეთში შემდეგ კვირას ჩავა.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტარმა, ლევონ გალუსტიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის სათათბიროს სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან დახურულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
კარტოპოლოვის ჩასვლის მიზანი ე.წ. აფხაზური არმიის მოდერნიზაციის პრობლემების არსებითი განხილვა იქნება, მათ შორის, ე.წ. შეიარაღებული ძალების ტექნიკის ახალი მოდელებით აღჭურვა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი პირველი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელ დეკემბერს ჩავიდა.
ვოლოდინი დე ფაქტო კოლეგას, ლაშა აშუბას და ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს დახურულ ფორმატში ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა.
ხელი მოეწერა სახელმწიფო დუმასა და ე.წ. პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.