ლევან გაბუნია შვილის მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილს ადანაშაულებს

ლევან გაბუნია, რომელსაც 21 წლის შვილი მოუკლეს, გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს დანაშაულში ამხელს. გაზეთი „პრაიმტაიმი“ სათაურით – „რა კავშირი აქვს იური ვაზაგაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მკითხველს 10 წლის წინათ, 21 წლის გიორგი გაბუნიას მკვლელობის საქმის დეტალებს სთავაზობს. როგორც ლევან გაბუნია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი გაბუნია 2004 წელს, თბილისში, მე-16 სართულიდან იმ მოტივით გადმოაგდეს, რომ ის ბექა პაპუაშვილის მკვლელობის ერთადერთი მოწმე იყო. ლევან გაბუნია შვილის მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილს ადანაშაულებს.
„10 წლის განმავლობაში სულაც არ ვყოფილვარ ჩუმად, სწორედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ძალისხმევით, სამჯერ დაიწყო შეწყვეტილი საქმის გამოძიება. ბოლოს, კი, როცა საქმე ქალაქის სამმართველოს გადაეცა, იქ პირდაპირ განმიცხადეს – სანამ სააკაშვილის მთავრობა იქნება, ამ საქმეში ვაზაგაშვილის დასჯას ნუ ელოდებიო… ჩემი შვილი, ერთი წლით ადრე, მეგობრის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის მოწმე გახდა. იმ დღეს ბექამ დაურეკა, ბებიაჩემთან და პაპაჩემთან მინდა გადასვლა, მითვალთვალებენ და გამომყევიო. გიორგიც გაჰყვა. სადარბაზოში რომ შევიდნენ, მაშინვე მოხდა გასროლა. გიორგიმ დაინახა, ვინ მოკლა ბექა. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ხმას არ იღებდა. ხომ იცით, ახალგაზრდა ბიჭებს შურისძიება თავად სწყურიათ ხოლმე. ბექას წლისთავზე სხვა ბიჭებთან ერთად იყო მისული, იქ მიუცია პირობა, გია ბიძია, ბექას მკვლელს აუცილებლად ამოვიცნობ და დავასახელებო. ზუსტად სამ დღეში ის ე.წ. მეგობარმა აიყვანა სახლის სახურავზე, საიდანაც გადმოაგდეს. ბექას მკვლელობის ჩასაფარცხად იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი დოლარი გადაიხადა და, სანამ თვითონ მოუკლავდნენ შვილს, ის ძალიან შეხმატკბილებულიც იყო იმ სამართალდამცველებთან, რომლებიც ამასობაში დაბალი პოსტებიდან ზევით გადაინაცვლეს. ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში მითხრეს, ჩემი შვილი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც სიმართლე იცოდა ბექა პაპუაშვილის მკვლელობაზე. დღეს მის ოჯახს ბოდიში მინდა მოვუხადო, გიორგის რომ თავის დროზე ეთქვა ყველაფერი, დღეს ისიც ცოცხალი იქნებოდა და, ალბათ, ზურა ვაზაგაშვილიც“, – აცხადებს ლევან გაბუნია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები