“აშშ ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში NASAMS-ების გადასროლას განიხილავს” – Raytheon-ის ხელმძღვანელი
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაში რამდენიმე NASAMS-ის გადასროლაზე მუშაობს.
ამის შესახებ Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ ჰეისმა განაცხადა, – წერს Politico.
მისი თქმით, დასახულია ამოცანა – უკრაინაში მომდევნო სამიდან ექვს თვეში მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადასროლა, რომლებიც ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშია განლაგებული. სანაცვლოდ კი, აშშ რეგიონს ახალი NASAMS-ებით მომდევნო ორი წლის განმავლობაში გააძლიერებს.
ჰეისმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასროლა ბევრად სწრაფი პროცესია, ვიდრე – მათი შეერთებულ შტატებში დამზადება, რასაც, დაახლოებით, 2 წელიწადი სჭირდება.
Raytheon-ის დირექტორმა უარი თქვა იმ ქვეყნების დასახელებაზე, რომლებიც უკრაინისთვის NASAMS-ის „დონორები“ შეიძლება, გახდნენ, თუმცა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, რეგიონში მათი მყიდველები ომანი და კატარია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა Raytheon Technologies-თან 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის.
NASAMS არის მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეიმუშავა ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defense & Aerospace-მა, ამერიკულ კომპანია Raytheon-თან ერთად. მისი დანიშნულებაა მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურება, როგორებიც არის დრონები, ბალისტიკური რაკეტები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები და სხვა.