ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის შეფასებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ტურიზმის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარის გამოყოფაზე, ტურისტული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორც მან “კვირას” განუცხადა, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი სეგმენტია და სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგის ხელშეწყობით, ტურიზმიდან მიღებული უკუეფექტი სულ უფრო დიდ როლს შეასრულებს ეკონომიკის ზრდაში.
“ტურისტული ინდუსტრია თანმდევი დარგებით ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვანი და მზარდი სეგმენტია. მასზე მოდის ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ღირებულებების ყოველი მე-6-7 ლარი. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა ყველაზე დიდი დარტყმა აღნიშნულ სექტორს მიაყენა და ახლა რეაბილიტაციის რეჟიმშია გადასული და საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები ვითარდება. თუმცა იმისათვის, რომ ამ დარგმა სრულად შეძლოს თავისი პოტენციალის გამოყენება, საჭიროა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. ეკონომიკის მაღალი ტემპებით ზრდა იძლევა შესაძლებლობებს, ბიუჯეტში, ერთი მხრივ, მოხდეს მეტი სახსრების მობილიზება და, მეორე მხრივ, ამ დამატებული საბიუჯეტო სახსრების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად. პრემიერმინისტრის ინიციატივაც, 200 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, სწორედ ამას ემსახურება.
ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ტურისტულ სექტორში შეიქმნას გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი, დასაქმდეს მეტი ადამიანი, ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს გაეზარდოთ შემოსავალი და ქვეყანამ სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის მიიღოს დამატებითი იმპულსი.
შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული უკუეფექტი სულ უფრო მეტ თვალსაჩინო როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის აღდგენა და მისი განვითარებაა.
პრემიერმინისტრის ინიციატივით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული.