პარლამენტში, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით და შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს, წელს აღნიშნავს მთავარი გზავნილით – „ჯერ არ დასრულებულა”. ამ მესიჯით შიდსის ჯანდაცვის ფონდი მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნინო ხეთაგურმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის დირექტორის მოადგილემ ნიკა ჩხარტიშვილმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირმა ხონელიძემ. ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოება შიდსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ ვითარებას გაეცნო. ისაუბრეს შიდსის პრევენციაზე, ტესტირებისა და მკურნალობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში მსურველთათვის ჩატარდა ტესტირება.

„დღევანდელი დღის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსი ჯერ არ დასრულებულა, ყველას მოვუწოდოთ ტესტირებისკენ, ასევე მოვუწოდოთ მსოფლიო ლიდერებს გავერთიანდეთ შიდსთან ბრძოლაში. მიუხედავად კოვიდპანდემიისა, მიუხედავად უდიდესი მიგრაციული პროცესებისა მთელ მსოფლიოში, შიდსი არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ეს არის საშინელი ვირუსი, რომელიც ათიათასობით ადამიანს კლავს. მხოლოდ 2021 წელს მთელ მსოფლიოში მილიონ-ნახევარზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 650 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა შიდსთან ასოცირებული დაავადების გამო. საქართველოში დღეისათვის 10 ათასამდე შიდსით ინფიცირებული ადამიანი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ზრუნვა და თანადგომა სჭირდება. ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ უნდა გავაათმაგოთ ჩვენი ბრძოლა შიდსთან, კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ტესტირება, რომ შიდსი განკურნებადია, რომ შიდსი არ არის გადამდები”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს შიდსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და დღეს ქვეყანაში შიდსზე მკურნალობა ხელმისაწვდომია, მთავარია დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია და მკურნალობა. ზაზა ლომინაძემ საზოგადოებას სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა

. „შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. ამ პროცესში შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით”, – განაცხადა შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნინო ხეთაგურმა.

ღონისძიების ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. ღონისძიებაში პარლამენტარებთან ერთად, სამედიცინო სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღესვე ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანიც საზოგადოების ფართო ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლებაა, რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენონ – საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები