კახა კალაძე: “ტვ პირველის” საქმესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად
“ტვ პირველის” საქმესთან დაკავშირებით ,პირველ ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს “ფეიკნიუსები”, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია”, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
კალაძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ “ტვ პირველი” პოლიტიკას შეცვლის, თუმცა, ელოდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასა და ტელევიზიის მიერ გავრცელებული სიცრუის საჯარო უარყოფას.
“ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.
ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან ის, რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თითოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.
ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.
რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.
ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “პირველს” და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დააკისრა, ასევე, ტელეკომპანიას დაევალა თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა. თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა.