„შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში” – შიო lll
„შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში”, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ისაუბრა.
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო!
გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული.
დღეს ვზეიმობთ ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რაზეც არაერთხელ უსაუბრია უფალ იესო ქრისტეს თავის მოწაფეებთან: „უმჯობესია თქვენთვის, რომ მე წავიდე, – უთქვამს მას, – და თუ წავალ, მოგივლენთ თქვენ სულიწმინდას“ (ინ. 16, 7). უკანასკნელად უშუალოდ თავის ზეცად ამაღლების წინ ესაუბრა ამაზე უფალი იესო ქრისტე, აღუთქვა სულიწმინდის მოვლინება; ჯერ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ სულიწმინდის მიღებას და უთხრა: „იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ რამდენიმე დღის შემდეგ სულიწმინდით მოინათლებით (საქმ. 1, 5), მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი მთელ იუდეაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმ. 1, 8 ).
ეს დანაპირები უფალმა შეასრულა ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, როდესაც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე და ეს უბრალო გალილეველი მეთევზეები მთელ იმჟამინდელ მსოფლიოში ქრისტეს სახარების უშიშარ მქადაგებლებად აქცია.
დღეს გახლავთ ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე ამ დედამიწაზე. მას უწოდებენ „ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღესაც“. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ქრისტეს ეკლესია არ არის მხოლოდ ეკლესია ქრისტესი, მხოლოდ ქრისტეს მისტიური სხეული, არამედ ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. ჩვენ ვცხონდებით, სულს გადავირჩენთ ამ ეკლესიის წევრობით, ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით, რომელიც გვაკურთხებს, განგვწმენდს და გვაცხონებს.
სად ვიღებთ სულიწმინდის ამ მადლს? – საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში, ერთობლივ ლოცვებში, ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მღვდელმთავრისა თუ მღვდლის ლოცვა-კურთხევის მეშვეობით.
მრავალი წმინდა მამა წერს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, მით უმეტეს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ამის შესახებ მცნება თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა. წმინდა მოციქულები როცა სთხოვდნენ, ლოცვა ესწავლებინა, ხომ გახსოვთ, უფალმა რომელი ლოცვა ასწავლა მათ? – „მამაო ჩვენოს“ ლოცვა. შემდეგ, როგორც კი დაასრულა „მამაო ჩვენოს“ შესახებ სწავლება, უთხრა მათ: „ითხოვდით და მოგეცემათ, ირეკდეთ და გაგიღებენ, ეძიეთ და ჰპოვებთ; რადგან ყველა, ვინც ითხოვს, მიიღებს, ყველა, ვინც ეძებს, პოულობს და ვინც რეკს, ყველას გაუღებენ“ (მთ. 7, 7-8 ). შემდეგ დასძენს: „რომელი იქნება თქვენ შორის ისეთი მამა, რომ შვილი სთხოვსო პურს და პურის ნაცვლად ქვა მისცეს? ან სთხოვს შვილი თევზს და თევზის ნაცვლად გველს მისცემს? და მეტადრე მამა თქვენი ზეციერი მოგცემთ თქვენ სულიწმინდას, ვინც ამას სთხოვს“ (მთ. 7, 9-11). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის ნებაა, ჩვენ სულიწმინდის მადლი ვითხოვოთ უფლისგან.
აი, სწორედ ამიტომ არის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სულიწმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სულნი ჩვენნი. ამინ“.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს! დღეს შეუძლებელია, არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც მთელ ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი „საქართველოს ავტოპორტრეტს“ უწოდებდა (სამართლიანად უწოდებდა ასე) და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიღვაწა, სულიწმინდის ისეთი მადლით აღივსო, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბისაა. ეს გამოჩნდა მისი გარდაცვალებისა და გასვენების დღეებში, რომ თითქმის მთელი საქართველო, მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მოსული იყო მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში.
მადლი სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!”, – აღნიშნა პატრიარქმა.