იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება, თანმდევ რვა კანონპროექტთან ერთად.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად ხდება ანტიკორუფციული ბიუროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ტექნიკური ასახვა შესაბამის კანონებში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, ხოლო კომიტეტს აღნიშნული საკითხი მესამე მოსმენით უკვე განხილული აქვს.

მისი თქმით, მეორე მოსმენით განხილვის დროს გაზიარებული იქნა მომხსენებლის ინიციატივა და ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებით ერთ-ერთ ფუნქციად განესაზღვრება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.

„ანტიკორუფციული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება ამ ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემა, რის გამოც აუცილებელი გახდა ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება. ცვლილებები არის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 – იანი გეგმის განხორციელების ერთ-ერთი ნაწილი”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები