„მწვანე არდადეგები“ იწყება – პროექტი დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას ითვალისწინებს
19 აგვისტოს „მწვანე არდადეგები“ იწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანი საქართველოს დაცული ტერიტორიების (სათაფლია-პრომეთე, ბორჯომი, ლაგოდეხი, მტირალა, კოლხეთი, ჯავახეთი, ყაზბეგი და ვაშლოვანი) პოპულარიზაცია, იქ არსებული ეროვნული პარკების, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის, ბუნების ძეგლის და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ვიზიტორთა ნაკადის ზრდაა. ,,მწვანე არდადეგების“ ფარგლებში მოეწყობა მედიატურები, ეკო-პიკნიკები, ფოტოტურები, დასუფთავების აქციები და სხვა აქტივობები.
პროექტის პრეზენტაცია 19 აგვისტოს ბათუმის ბულვარში გაიმართება. „10:00 საათზე მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელთან და აქციის – „ნუ დატოვებ ნარჩენებს“ სხვა მონაწილეებთან ერთად ბათუმში სანაპირო ზოლს დაასუფთავებს. 12:00 საათზე ახალგაზრდა მხატვრები აქციის – „დახატე შენი მწვანე არდადეგების“ ფარგლებში – ბათუმის ცენტრში 12მ სიგრძის კედელს მოხატავენ, ხოლო ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სანაპირო ზოლზე აღნიშნულ თემატიკაზე ნამუშევრებს შექმნიან. 20:00 საათზე, ბათუმის ბულვარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას პროექტს გააცნობს, რის შემდეგაც ბათუმის ბულვარში რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ყველას“ და დიჯეი გაბუნიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 19 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ყოველ შაბათსა და კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტური მოეწყობა. პირველი გასვლა 23-24 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება, სადაც ახალგაზრდებს ელით მოგზაურობა პანტომით და არტ-საღამო ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.