ისნის რაიონში 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის №103 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ავარიული შენობიდან მოსწავლეების დაუყოვნებლივ გაყვანისა და ძველი შენობის დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილება სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღო. 103-ე საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან სწავლას დროებით თბილისის 157-ე სკოლაში გააგრძელებს. დემონტაჟის შემდეგ 103-ე სკოლის ტერიტორიზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 1 000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. სამინისტრომ, თბილისის მერიასთან ერთად, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სკოლასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო ღონისძიება უმოკლეს ვადაში განახორციელა. სკოლის მშენებლობის პერიოდშიც სამინისტრო მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს. აღნიშნული სიახლეების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სკოლის ტერიტორიაზე შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასა და ჟურნალისტებს განუცხადეს.