ოთარ შამუგიამ და მუხთარ ბაბაევმა კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლისა და მუხის ხეები დარგეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, კრწანისის ტყე-პარკში ნეკერჩხლისა და მუხის ხეები დარგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრებმა კრწანისის ტყე-პარკში რეკრეაციის აღდგენითი სამუშაოებიც დაათვალიერეს. კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს. კრწანისის ტყე-პარკში ორი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, კერძოდ, „კრწანისის ტყის დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა და სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევის და აღდგენის ცენტრის შექმნა” და „წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ხის სახეობების ex-situ კონსერვაცია”.

კრწანისის ტყე-პარკში 7,5 კმ საგზაო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები უკვე დასრულებულია; პარკში მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები; ასევე, სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო. გამწვანების მასშტაბური სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება. კრწანისის ტყე-პარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული უნიკალური ეკოსისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები