რატომ არ უნდა გაიმარჯვოს პუტინმა უკრაინის ომში – სტოლტენბერგის განმარტება

ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი დაიწყო და ხვალ დასრულდება. მოსალოდნელია, რომ მასზე უკრაინის მხარდასაჭერად ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მოკავშირეებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდებენ.

დღეს, შეხვედრის გახსნის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, მსოფლიოს კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, რადგან ამით სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიტარული ლიდერები უხეში ძალის გამოყენებისთვის “მწვანე შუქს” მიიღებენ.

”ჩვენ, ყველა ვიხდით ფასს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისთვის. ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფული, ხოლო ფასი, რომელსაც იხდიან უკრაინელები, იზომება სისხლით. თუ პუტინს გამარჯვების შესაძლებლობას მივცემთ, კიდევ უფრო მაღალ ფასს გადავიხდით მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში, რადგან ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინისა და სხვა ავტორიტარული ლიდერების მიერ გამოტანილი გაკვეთილი იქნება ის, რომ მიზნების მიღწევა უხეში ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. ისინი წახალისებულნი იქნებიან – სულ უფრო მეტი ძალა გამოიყენონ. ეს ჩვენს სამყაროს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის და ყველა ჩვენგანს – უფრო დაუცველს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, სწორედ ამიტომ, ნატო-ს უსაფრთხოების გრძელვადიანი ინტერესი უკრაინის მხარდაჭერაა.

მან აღნიშნა, რომ თუ აგრესორი ამ ომს მოიგებს, ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელი იქნება.

”ჩვენ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება. მაგრამ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, იმისათვის, რომ შევქმნათ პირობები ხანგრძლივი მშვიდობისთვის, უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ამიტომ, ჩვენი გზავნილი ბუქარესტიდან არის: ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები