იურისტი სააკაშვილზე: შიდა ძებნის შემდგომი ეტაპი საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაა
მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევის გამო არ გამოცხადდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „კვირას“ იურისტი ამირან გიგუაშვილი ესაუბრა. როგორც იურისტი განმარტავს, იმისთვის, რომ ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს, შიდა ძებნის გამოცხადება აუცილებელი პროცედურაა. მისი თქმით, ამის შესახებ თავად ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ადვოკატებმაც კარგად იციან, თუმცა საკუთარი არასწორი განცხადებებით პიარკამპანიას აწარმოებენ. ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება და ამას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის.
„შემდეგი პროცედურა, სავარაუდოდ, ინტერპოლით ძებნა იქნება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი ბრალდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სასამართლომ პატიმრობა გამოიტანა და არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოების წინაშე, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი თუ რიგითი მოქალაქე, დასაცავია გარკვეული პროცედურები, მათ შორის პირველ ეტაპზე შიდა ძებნის გამოცხადება.
მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ აღიარებული და დადგენილი ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რელურად საქართველოში, ფორმალური პროცედურები ითვალისწინებდა შიდა ძებნის გამოცხადების აუცილებლობას, რისი შემდგომი ეტაპიც იქნება საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მიხეილ სააკაშვილზე. თითქოსდა, იმიტომ არ გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნა, რომ ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა თითი დაუქნიეს მთავრობას, ხოლო პროკურატურას ამის შეეშინდა, სიმართლეს არ შეესაბამება. თავად სააკაშვილი იურისტია და ძალიან კარგი ადვოკატები ჰყავს. მათ იციან, როგორია პროცედურა. ვფიქრობ, ეს განცხადება მათი პოლიტიკური პიარკამპანიის ნაწილია. შემდეგ პროცედურას ვერაფერი შეუშლის ხელს, თუმცა ინტერპოლით ძებნის გამოცხადება არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ სააკაშვილს დააკავებენ რომელიმე ქვეყანაში, ვინაიდან შიდა კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ უფლება, რომ განსხვავებული პოზიცია დაიკავონ საქართველოს სამართალდამცველების ბრალის დადგენილებასთან დაკავშირებით.
თუ მისცემ პოლიტიკურ შეფასებას, უარს იტყვიან საქართველოსთვის გადმოცემაზე“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. საქართველოს ექსპრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.