მიხეილ სარჯველაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაში პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

„ევროპის საბჭოს მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები. შეხვედრაზე სლოვენიის და ხორვატიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების კუთხით თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეებს საქართველოს კანონმდებლობაში 2016 წელს განხორციელებული ცვლილება გააცნო და შემდეგ დამკვიდრებულ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიშთან დაკავშირებით არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეებს მიმართა თხოვნით, კომიტეტს პრაქტიკის გაუმჯობესების ინიციატივები და იდეები გაუზიარონ.

შეხვედრის მონაწილეებმა ქართული მოდელის დადებითი მხარეები, მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები მიმოიხილეს და მომავალში, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები