მდინარაძე – გონჩარენკოზე: არც ეკონომიკასა და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ, რადგან მართლები ვართ, მართალია ეს ქვეყანა

ეს ადამიანები ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ქვეყნის მშვიდობასა და განვითარებას ებრძვიან – ებრძვიან ევროპულ მომავალს, სწრაფად განვითარებად ეკონომიკასა და მშვიდობას, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებას.

„საქართველო ვითარდება სტაბილურად და სწრაფად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ორნიშნა, ამისათვის მშვიდობა, სტაბილურობა, რაც დღეს არის ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, ეს არის საჭირო და რას ებრძვიან?! – ეს ადამიანები მტრობენ ამას – ერთი მხრივ, ეკონომიკურ განვითარებას და მეორე მხრივ – მშვიდობას. ომისკენ მოწოდებები პირდაპირი და ირიბი გვახსოვს. არც ეკონომიკასა და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ, რადგან მართლები ვართ, მართალია ეს ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ოლექსეი გონჩარენკომ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ “9-თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გადაეწყვიტა, ეს თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს ვერ გადაწყვიტა.
უკრაინა აუცილებლად გახდება თავისუფალი ევროპის ნაწილი და სად იქნება საქართველო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება ამის მიზეზი, მაშინ მის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ და ამის შესახებ ჩვენ ევროპარლამენტში ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები