დავით მათიკაშვილი: ათასობით ადამიანმა განიცადა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი ხელი, მის შეწყალებას შესაძლოა – პროტესტი მოჰყვეს

საქართველოში ათასობით ადამიანმა განიცადა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი ხელი. სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ პროტესტის მონაწილეები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

მმართველი გუნდის წევრი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ  პატიმრის სასჯელაღსრულებიდან გაყვანა-არგაყვანის საკითხი კანონით წყდება.

„პრეზიდენტს საკუთარი დისკრეცია აქვს. არსებობს სასამართლო ხელისუფლებაც, რომელთანაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ვერანაირად ვერ იკვეთება. როცა საქმე ეხება ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ექიმების დასკვნა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სასჯელაღსრულებიდან გაყვანა-არგაყვანის საკითხი კანონით წყდება. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო კანონზე დაყრდნობით იღებს.

პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეციის განხორციელებაზე თქვა არა და არასდროსო. თუ ის ამ დისკრეციას გამოიყენებს, ცალკე საკითხია, რამდენად იქნება ეს რელევანტური მართლმსაჯულების კუთხით. შესაძლებელია, კითხვის ნიშანი დაისვას, რადგან არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები. ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაშია მხილებული. პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციას კი წარმოადგენს, მაგრამ აუცილებლად სჭირდება შინაარსი და დასაბუთება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება როდესაც გრძელდება და განაჩენი დამდგარი არ არის, ასეთი დისკრეციული უფლების გამოყენება გარკვეულწილად მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება, შეფასდეს.

2012 წლამდე არსებული რეჟიმის პირობებში ათასობით ადამიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო, საქართველოში ათასობით ადამიანმა განიცადა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი ხელი. სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ პროტესტის მონაწილეები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები