“თუ ვინმე მზად არის, კანონის უზენაესობა გათელოს, ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება” – ანრი ოხანაშვილი – პრეზიდენტის განცხადებაზე

დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა იქნება. ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულს შესაძლოა, საზოგადოების პროტესტი მოჰყვეს.

“ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს. ამას შეიძლება, საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, კანონის უზენაესობა გათელოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები