ლევან ხაბეიშვილი: უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული ჩემსა და ჩემს მეგობრებზე – ცდილობენ „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ
უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემსა და ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო მედიის, სახელისუფლებო „ექსპერტების“, სუს-ის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ღია თავდასხმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ნათელია, რომ ისინი მისი სახელის „დემონიზებას“, დისკრედიტაციას ცდილობენ.
„ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო, თანამებრძოლებო და უბრალოდ გულშემატკივრებო, მინდა, დაგამშვიდოთ და მოგიწოდოთ, იყოთ მხნედ, საბრძოლო განწყობაზე. უკანასკნელი დღეებია, განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე.
ცდილობენ, „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ … გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად, ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ ჩემი სახელის „დემონიზებას“, დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს იგონებენ, მიგონებენ. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ღია თავდასხმა სამთავრობო მედიების, სახელისუფლებო „ექსპერტების“, სუს-ის მედიაჯგუფების და რუსული ოცნების წარმომადგენლების. თვალს ადევნებთ პროპაგანდის ნიაღვარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
ერთადერთი, რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი და შევდივარ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, არის ქართველი ხალხის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გონიერება, ნდობა, მხარდაჭერა და უანგარო სიყვარული.
ვიმარჯვებთ და ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად. სიტყვას გაძლევთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.