კულტურის სამინისტრომ ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის ნამუშევარი „სამუზეუმო ფონდების შევსების“ პროექტის ფარგლებში შეიძინა

კულტურის სამინისტრომ ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის ნამუშევარი „სამუზეუმო ფონდების შევსების“ პროექტის ფარგლებში შეიძინა. ამის შესახებ სამინისტრო თავად ავრცელებს ინფორმაციას.
„30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო. პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” ფარგლებში, პირველ ეტაპზე სამინისტრომ უკვე შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის, 524 გრაფიკული და 153 ფერწერული ტილოა.
პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმების ფონდების შევსებას ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით; ამოცანა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.
პროექტის განხორციელების ახალ ეტაპზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარმოშობით სომეხი, თბილისელი ფერმწერისა და გრაფიკოსის ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის ნამუშევარი „ვიოლა ვარდისფერში” (თავდახრილი ვიოლა) შეიძინა. მხატვარი XVIII_XIX საუკუნეების გამოჩენილი კოლორისტების, ფრანგი რომანტიკოსებისა და იმპრესიონისტების მიმდევარი და მემკვიდრეა. მისი შემოქმედების ძირითადი სფერო იმპულსური, დინამიკური მონასმებით შექმნილი ფერწერაა, რომელშიც ფერთა შეხამების ოსტატი გამოსჭვივის. შემოქმედის თემები და პერსონაჟები – აკრობატები, ცირკის მსახიობები თუ შიშველი ნატურები – მიწიერი სილამაზის მომხიბვლელობას ასხივებენ. ცნობისთვის: „ვიოლა ვარდისფერში” შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდში განთავსდება.
2021 წელს კულტურის სამინისტრომ იმ გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები შეიძინა, რომელთა ნახატებიც აქამდე საერთოდ არ/არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში. 1960-70-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალი კოლექცია, 1980-90-იანელთა ფერწერული ნამუშევრები ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს წარმოაჩენს; აღსანიშნავია ნონკონფორმისტ მხატვართა ნამუშევრების შეძენაც, რომლებიც პირველად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2021 წლის 5 ნოემბერს გამოიფინა. ჯგუფურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გახლდათ 53-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, ნაქანდაკები, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი. გავიხსენოთ ისიც, რომ 2021 წელს კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი მხატვრის ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია შეიძინა, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები