გიორგი ხელაშვილი: ის, რომ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში ეს მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება

“ნატო და მისი საპარლამენტო ასამბლეა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რეალურად ახალ ეტაპზე გადავიდა. მეტად არის გაძლიერებული და სულ უფრო აქტიურად აპირებს მომავალში ჩაერთოს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.

„ნატო და მისი საპარლამენტო ასამბლეა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რეალურად ახალ ეტაპზე გადავიდა. მეტად არის გაძლიერებული და სულ უფრო აქტიურად აპირებს მომავალში ჩაერთოს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. სწორედ ამას გულისხმობს ეს ახალი კონცეფცია. საქართველო ამ ახალ ხედვაში ყველგან ფიგურირებს. ეს ძალიან ცხადი იყო, ჯერ ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლის დროს. მნიშვნელოვანია, რომ მას შეკითხვა დაუსვა გერმანიის დელეგაციამ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა უჭერს საქართველოს მხარს. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ნატოს გენერალური ასამბლეის მოქმედი თავმჯდომარის, ბატონი კონოლის მოსაზრება საქართველოსთან დაკავშირებით და ერთი საათის წინ ასევე განცხადება გააკეთა საპარლამენტო ასამბლეის ახალმა თავმჯდომარემ, რომელშიც მან გამოხატა მხარდაჭერა არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სტრატეგიული მიზნების მიმართ, არამედ მხარი დაუჭირა, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, საზოგადოებრივ განვითარებას და ასევე საქართველოს წევრობას ევროკავშირში. ძალიან უნისონში გვესაუბრებოდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი დისონანსი არ არსებობს და ყველა ერთხმად გვიჭერს მხარს. საპარლამენტო ასამბლეა აყალიბებს ხედვას, რომელსაც შემდეგ მიჰყვება ნატო. ამიტომ ის, რომ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში ეს მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები