„ზინაიდა კვერენჩხილაძე 90“ – გამოიცა წიგნი -ალბომი, რომელიც ზინა კვერენჩხილაძის მზიური ტალანიტის ღაღადია

წლეულს 90 წელი შესრულდა გენიალური ქართველი მსახიობის, ზინა კვერენჩხილაძის დაბადებიდან. მისი თაობის მსახიობებიდან ვერავის გაიხსენებთ, ვისი სახელობის თეატრიც არსებობდეს.
დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი უკვე ათი წელიწადია, ზინა კვერენჩხილაძის სახელს ატარებს, რაც მან სავსებით დაიმსახურა. ჯერ კიდევ 1990 წელს დააარსა მსახიობმა აქ თეატრალური სტუდია – „ქვემო ქართლი”, რომელიც ორი ათეული წლის შემდეგ პროფესიულ თეატრად გადაიქცა.
ზინა კვერენჩხილაძის უკვდავების დასტურია მისი ვარსკვლავის არსებობა რუსთაველის თეატრის წინ, ასევე მისი სახელობის ქუჩა, მემორიალური დაფა და მონოგრაფია – „ტრაგიკული ტალანტი”.
დიდი მსახიობის 90 წლისთავის აღსანიშნავად, გამომცემლობა „ნეკერში” (2022) დაიბეჭდა შესანიშნავი წიგნი-ალბომი, რომლის შემდგენელ-რედაქტორია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.
„მწვერვალი არტისტული სრულქმნილებისა” – ასე ჰქვია მის შესავალ წერილს, რომელიც გამოკვეთს იმ იშვიათ ღირებულებას, უფრო კი თავგანწირვას, რითაც ხასიათდებოდა ზინა კვერენჩხილაძის მთელი სასცენო და ეკრანული შემოქმედება. ასევე წარმოჩენილია მისი, როგორც მხატვრული კითხვის დიდოსტატისა და სამსახიობო პედაგოგის, უნიკალურობა. საბა მეტრეველი ზედმიწევნით იცნობს იმ ზღვა მასლას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვდა ზინა კვერენჩხილაძის შესახებ. მან ქრონოლოგიურად წარმოაჩინა ყველა ნათამაშები როლი ფოტოების უხვი მოხმობით.

საბა მეტრეველთან ერთად

აღსანიშნავია ალბომის ყდის დიზაინი და დაკაბადონება, რომელიც გიორგი ბაგრატიონს ეკუთვნის. 221-გვერდიან ალბომში გაერთიანებული ასეულობით ფოტოკადრი ინახავს შეჩერებულ წამებს, დღესასწაულს ხელოვნებაში, რომელსაც მსახიობმა მთელი ცხოვრება შესწირა. ამ ტიპის ალბომის შედგენა, როგორც პრეამბულიდან ვიგებთ, „თვით მსახიობის დიდი სურვილი ყოფილა. სიცოცხლის ბოლო ერთი წელიწადი თავად აგროვებდა მასალებს… მსახიობის უკანასკნელი სურვილის ასრულება, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. შევეცადეთ ერთგული ვყოფილიყავით იმ პრინციპებისა და ჩანაფიქრისა, რომელთა ხორცშესხმასაც თავად აპირებდა”.
ალბომში თავმოყრილ მდიდარ ფოტომასალას ერთვის ციტატები ყველა როლის შესახებ, თუ რას ფიქრობდნენ და წერდნენ თავის დროზე ქართველი თუ უცხოელი თეატრის სპეციალისტები. აქვე წაიკითხავთ პოეტებისა და მწერლების, ასევე – რიგითი თაყვანისმცემლების მიძღვნით ლექსებსა თუ ექსპრომტებს, ასევე იხილავთ ფერწერასა და ქანდაკებაში ამეტყველებულ ზინა კვერენჩხილაძის სახებას.
საბა მეტრეველს მთელი ქართველი საზოგადოებისგან ეკუთვნის განსაკუთრებული სამადლობელი, რომელმაც აქამდე ორი წიგნი მიუძღვნა ზინა კვერენჩხილაძეს: „მსახიობის სიტყვათმეტყველება” (2009 წელს) და „ტრაგიკული ტალანტი“ (2012 წელს).
საბა მეტრეველი ბოლო წლების განმავლობაში იქცა დიდი მსახიობის ნამდვილ მემატიანედ, აღბეჭდავდა უამრავ ფოტოზე, იწერდა და ინიშნავდა მის ნათქვამსა და ნააზრევს. საბა მეტრეველმა საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდში“, სადაც დაცულია სპექტაკლებისა და მხატვრული კითხვის ასეულობით ნიმუში. მან გამოარჩია ზინა კვერენჩხილაძის მარგალიტები და დღეს ინტერნეტსივრცეში ასე უხვად რომ მოიპოვება ისინი ამ მსახიობის უბადლოების დასტურად, სწორედ საბა მეტრეველის დაუღალავი შრომის შედეგია.
წინამდებარე წიგნი-ალბომი თვალცხადად ასაჩინოებს, რომ ზინა კვერენჩხილაძე წლების განმავლობაში განაპირობებდა რუსთაველის თეატრის მძლე დიდებას. თუმცა, ფაქტია, რომ რუსთაველის პრემია მას არ არგუნეს. ქართული სიტყვიერების ყველაზე დიდ გულთამხილველს, მას, ვისმა მართლაც „შემკულმა და კურთხეულმა”, ხმამ ახალი მწვერვალები დაამკვიდრა მხატვრული კითხვის ხელოვნებაში?! ამდენი ქართველი პოეტი და მწერალი არცერთ მსახიობს არ გაუჟღერებია სცენიდან. იგი გახლავთ ქართული სწორმეტყველების ნამდვილი უნივერსიტეტი. ქართული ენის ბუნებრივი მშვენიერება და სიდიადე მისი ხმით ახალი შარავანდედით გაბრწყინდა. და რა სამარცხვინო ბუტაფორიად დარჩებიან ისტორიაში ის ბიუროკრატები, ვინც რუსთაველის პრემიას გასცემდა?!
ეს მწარე ფაქტიც მიუთითებს, თუ როგორ უსამართლო გარემოში უწევდა გაძლება სცენისა და სიტყვისთვის თავშეწირულ ხელოვანს?! ეს ამბავი ქართულ სირცხვილად შემორჩება ისტორიას! თუმცა, ზინა კვერენჩხილაძეს იმდენად უყვარდა სიცოცხლე, ხელოვნება და ადამიანები, რომ ზნედაშრეტილმა სინამდვილემაც ვერ გააბოროტა. მუდამ სიმართლის, სიკეთის, მიტევების ერთგული რჩებოდა!
ზინა კვერენჩხილაძე საქართველოში ყველა დროის უდიდეს მსახიობთა პანთეონს განეკუთვნება, რაც უკვდავებას მოასწავებს! თუმცა, უკეთესი იღბალი რომ დაჰყოლოდა, იმსახურებდა მსოფლიოსაც ენახა და შეეცნო მისი უკიდეგანო სცენური ნიჭიერება!
საბა მეტრეველის მიერ შექმნილი ეს მეტყველი და ტევადი წიგნი-ალბომი ზინა კვერენჩხილაძის მზიური ტალანტის ღაღადია და თუკი საქართველოს არსებობა უწერია, მას გაიხსენებენ 90 წლის შემდეგაც! მისი როლები და პიროვნული სისავსე შთამომავლობას შემორჩება ფოტოებით, წიგნებით, მოგონებებით, მაგრამ მისი ხმა, რომელიც ჟღერს კინოში(თენგიზ აბულაძის, გოდერძი ჩოხელის ფილმებში) და სიტყვაკაზმული მწერლობის კითხვით, გაცილებით გამძლე და მოქმედი აღმოჩნდება – საუკუნეებს გადასწვდება და გაუხუნარი იქნება, როგორც რუსთველის, გურამიშვილისა და გალაკტიონის სიტყვის მადანი…

                                                    გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები