კულტურის სამინისტრო გიგო გაბაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს ეხმიანება
გიგო გაბაშვილის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა. კულტურის სამინისტრო ამ თარიღთან დაკავშირებით მის ბიოგრაფიას აქვეყნებს.
„გიგო გაბაშვილმა ქართულ მხატვრობაში საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. ის არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა. გ. გაბაშვილის ფუნჯს ეკუთვნის თემატური და ჟანრული სურათები: „ალავერდობა“, „განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან“, „ბოსტანში“. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პეიზაჟსა და ნატურმორტსაც. უაღრესად საინტერესოა მე-19 საუკუნის მიწურულს მხატვრის მიერ შექმნილი შუააზიური ციკლი – „ბაზარი სამარყანდში“, „დივანბეგის აუზი ბუხარაში“ და სხვა.
გიგო გაბაშვილი 1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისის კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფრანც რუბოსთან. 1886-1888 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, 1894-1897 წლებში – მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 წელს იმოგზაურა იტალიასა და საბერძნეთში.
სამხატვრო ასპარეზზე გიგო გაბაშვილი 1888 წელს გამოვიდა. 1891 წელს თბილისში გაიხსნა მხატვრის პერსონალური გამოფენა. ის ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც საქართველოში ევროპული მხატვრობის ფორმები დაამკვიდრა. მან ქართული მხატვრობა იდეურ-თემატურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა.
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება გ. გაბაშვილის მიერ შექმნილი ქართველ მოღვაწეთა პორტრეტების სერია: „ილია ჭავჭავაძე“, „აკაკი წერეთელი“, „გრიგოლ ორბელიანი“, ასევე, „ავტოპორტრეტი“. საინტერესოა არისტოკრატიის წარმომადგენელთა პორტრეტებიც: „უცნობი ქართველი თავადი“, „გრძელულვაშებიანი თავადი“, „სამი გენერალი“, სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები: „მძინარე ხევსური“, „მთვრალი ხევსური“, „მთვრალი ხევსურები“, „სამი მოქალაქე“ და სხვა.
1894 წლის ნახატი „ბაზარი სამარყანდში“ 2006 წელს ნიუ-იორკის „კრისტის“ აუქციონზე 1 136 000 დოლარად გაიყიდა.
გ. გაბაშვილი 1897 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მან თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია. 1890-იან წლებში ასწავლიდა „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ხატვის სკოლაში (1901 წელს ამ სკოლის დირექტორი გახდა). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).
გიგო გაბაშვილის ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, ფოტოგრაფია…), რომელთაც დიდი ადგილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში, დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს მწერალთა სახლში, კერძო კოლექციებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მხატვრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა – „გიგო გაბაშვილის ხელოვნება. წარმოსახვა და რეალობა“.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ნაკლებად ცნობილი სიმბოლისტური ხელოვნება – ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, რომლებიც ხელოვანის თანამედროვე ევროპული მხატვრობით, კერძოდ, სიმბოლიზმით გატაცებას ადასტურებს.
გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 22 ნოემბრის ჩათვლით შეუძლია.