ვახტანგ ძაბირაძე: ჩვენს პოლიტიკურ ელიტას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემებისადმი მგრძნობელობა დაკარგული აქვს

“ისე ჩანს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემებისადმი მგრძნობელობა. არ ცდილობენ, სწორედ ამ გადმოსახედიდან დაინახონ პროცესები და შეაფასონ – ყველაფერი წყალმაც წაიღოს, თუ ჩემი პოლიტიკური ინტერესი არ კმაყოფილდება – აი, ამგვარია ჩვენი პოლიტიკოსების დამოკიდებულება პროცესებისადმი”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ძაბირაძე ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომსაც გამოეხმაურა.

“ურთულესი ზამთარი გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ის მშვიდად გადავიტანოთ ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც. ამაზე დამოკიდებული იქნება ბევრი რამ, მათ შორის ისიც, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. იმედია, ჩვენს პარტნიორებს ეს ესმით, საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო ღრმა კონფრონტაციაზე არ წავლენ და ამით არ შეუწყობენ ხელს, რომ ის საბოლოოდ მოექცეს რუსულ გავლენაში. სხვათა შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეცდომა მგონია ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება იყო, ახლა ცდილობენ ეს გამოასწორონ, მაგრამ ამან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებაზე ცუდი გავლენა უკვე მოახდინა.

რუსეთი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინამ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის საქართველოსთვისაც. ჩვენ ახლა მთლიანად მიბმული ვართ უკრაინაზე. მისი გამარჯვება ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რისი მიღწევაც გვსურდა ამ 30 წლის განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების ცვლილებასაც. მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი უარყოფითი მუხტია ხელისუფლების მიმართ და მას არასტაბილურობისა და რუსეთის შიში აჩერებს. ეშინიათ ქვეყანაში ვითარების არევის, რადგან შესაძლებელია ამას რუსული სამხედრო ძალების შემოსვლა მოჰყვეს. როგორც კი გამოჩნდება, რომ რუსეთი უკვე საკუთარ თავსაც კარგავს, მაშინ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს – შესაძლებელია ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდეს პოლიტიკური დღის წესრიგის სამართავად. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც ძალიან დაბალი ნდობა აქვთ ხალხში. თუ ამერიკიდან ასეთ კრიტიკას 5-6 წლის წინ ქართველი საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა, დღეს მხოლოდ სიტყვიერი უკმაყოფილება გვესმის.

ორმაგ პოლიტიკურ პოზიციას ვაწყდებით – თუ დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ოპოზიცია კმაყოფილია, მაგრამ საკმარისია ვინმემ რაიმე მათი მოსაწონი არ თქვას, მაშინვე ანათემას გადასცემენ. ასე იქცევა ხელისუფლებაც. მოკლედ, ეს ჩვენი პოლიტიკოსების საერთო სენია.

გარდა ამისა, ისე ჩანს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემებისადმი მგრძნობელობა. არ ცდილობენ სწორედ ამ გადმოსახედიდან დაინახონ პროცესები და შეაფასონ. ის, რომ ევროკომისრის შეფასებები იყო ზომიერი, შეიძლება საერთო ეროვნულ ინტერესს წაადგეს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერა მიიღოს. ყველაფერი წყალმაც წაიღოს, თუ ჩემი პოლიტიკური ინტერესი არ კმაყოფილდება – აი, ამგვარია ჩვენი პოლიტიკოსების დამოკიდებულება პროცესებისადმი.

ის, რომ პარტიაში გავლენის ჯგუფები არსებობს, ახალი არ არის. უბრალოდ, უფრო საჯარო გახდა. გულწრფელად რომ გითხრათ, “ნაციონალური მოძრაობის” გულშემატკივარი 2004 წლიდან აღარ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის კარგი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრობა” შეინარჩუნებს ერთიანობას. არჩევნები დემოკრატიული პროცესია და ეს პრობლემა არ არის, არც გავლენის ჯგუფების არსებობა მიმაჩნია ტრაგედიად, მით უფრო, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდნენ და, ფაქტობრივად, დამალული აღარაფერია. ყველამ იცის, რომ ხაბეიშვილის უკან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ჯგუფები დგას, მელიას კი თავისი ჯგუფი ჰყავს, რომელიც შედგება უფრო რაციონალურად მოაზროვნე პირებისგან. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რაც პოლიტიკურ სივრცეში სიახლეც იქნება და წაადგება კიდეც ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას – პარტიაში დაპირისპირებული მხარეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რომ ისინი ენდობიან საარჩევნო კომისიას პარტიაში და დაემორჩილებიან არჩევნების ნებისმიერ შედეგს. თუ ასე მოხდება, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ პროცესში. თუ ეს დასრულდა პარტიის გახლეჩით, ამაზე ვერ ვიდარდებ, მაგრამ პოლიტიკურ ვითარებას ნამდვილად არ წაადგება”,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები