საქართველოს და გერმანიის პარლამენტების  აპარატების უფროსებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსთან  მიხაილ შეფერთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ბუნდესტაგში გამართული სასწავლო ვიზიტის დასასრულს, აპარატის უფროსებმა ვიზიტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

“საქართველოს პარლამენტის აპარატი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარე, ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების  მხარდამჭერია. ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო მიმართულებები შეხვედრის ფარგლებში ძირითადი განხილვის საგანი იყო.

შეხვედრაზე გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები და დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ბუნდესტაგში გამართული სასწავლო ვიზიტი 1 კვირა მიმდინარეობდა. ქსელის მონაწილე ქვეყნების: მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების აპარატების წარმომადგენლები ბუნდესტაგის აპარატის 20-ზე მეტ წარმომადგენელს შეხვდნენ.

დელეგაციას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი/აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარე ქეთევან კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.

სასწავლო ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ,,თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” და გერმანიის ბუნდესტაგის თანამშრომლობითა და ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები