გიორგი ხელაშვილი: დემოკრატიის სტანდარტი საქართველოში ნამდვილად არ გაუარესებულა
“სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა დემოკრატიის გზაზე, რასაც შეუძლებელია, დაეთანხმო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, დემოკრატიის სტანდარტი საქართველოში ნამდვილად არ გაუარესებულა.
“სრულიად შეუძლებელია, დაეთანხმო სენატორს იმაში, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის გადამეტებული, მეტაფორული შეფასება იმისა, რასაც ჩვენ კრიტიკის სახით ვისმენთ ხოლმე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. არა მგონია, აქ რაიმე სერიოზულ კრიტიკაზე იყოს საუბარი – ეს არის შეფასებები სენატორების მხრიდან, რომელიც პერიოდულად გვესმის ხოლმე. მე ვფიქრობ, ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ძალიან ცუდ იმიჯთან და ცუდ ოპტიკასთან, რაც საქართველოში შეიქმნა ორიოდე წლის განმავლობაში. ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, ერთმანეთის წარმოუდგენელი ზიზღი. ამავდროულად, ყველას, ვინც იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან კარგად ესმის, რომ თუ ჩამოვაცილებთ ამას ოპოზიციის სატელევიზიო რიტორიკას, რეალურად, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითარდება, გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა და საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას ძალიან ცვალებად და საშიშ გარემოში, რომელიც შეიქმნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. დემოკრატიის სტანდარტი საქართველოში ნამდვილად არ გაუარესებულა“, – აცხადებს გიორგი ხელაშვილი.