ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაციის ხედვა მიმდინარე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე.
ცესკოს ინფორმაციით, საქართველოში ერთობლივი ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს – ODIHR-ის ექსპერტს მარლა მორის, ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველს, საქართველოს ოფისის წარმომადგენელს ქსენია დაშუტინას, ვენეციის კომისიის სამდივნოს ოფიცერს იურიდიულ საკითხებში მაიკლ იანსენს და ვენეციის კომისიის მომხსენებელს მაიკლ ფრენდოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.
„გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოცდილებაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული არჩევნების პილოტირების შედეგად აქვს. ისაუბრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების უპირატესობებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ამ ეტაპზე დგას.
ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას. ისინი ასევე შეხვდებიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს.
შეხვედრა 15 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.