ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში დიდი ჰესების პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფომ შესაძლოა, ფინანსური მონაწილეობა მიიღოს.
მისი განმარტებით, თუ ვერ ხდება პროექტის ბოლომდე მიყვანა, სახელმწიფო განიხილავს მონაწილეობას, თუმცა, მცირე მასშტაბით და არა – სრულად.
„რაც შეეხება „ნენსკრა-ჰესს“ – ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. უშუალოდ ამ პროექტთან მიმართებით, ბუნებრივია, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებით.
რაც შეეხება ზოგადად დიდ ჰესებთან მიმართებით ჩვენს პოლიტიკას, გიდასტურებთ, ნამდვილად არის ის, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით, ინვესტორთან ერთად მსგავსი ტიპის პროექტები განხორციელდეს, მათ შორის, შესაძლებელია, რომ ეს იყო ფინანსური მონაწილეობით. ბუნებრივია, საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე, საუბარი შეიძლება იყოს მინორიტარულ მონაწილეობაზე კონკრეტულად პროექტთან მიმართებით. ეს შესაძლებელია, მოხდეს, თუ ვერ ხდება აღნიშნული პროექტის ბოლომდე მიყვანა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს ასეთ პროექტებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბით და არა, იმ მასშტაბით, რა მასშტაბისაც შესაძლებელია პროექტის ღირებულება იყოს. საუბარი ამ შემთხვევაში მაქვს იმაზე, რომ ისეთი დიდი პროექტები, რომლებიც შესაძლებელია სახელმწიფოს გარეშე რთული იყოს განხორციელება – სახელმწიფო ასეთ პროექტებში სადაც ამის საჭიროება იქნება, შესაძლებელია, მათ შორის, ფინანსურადაც პროექტის მონაწილე გახდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა.