ირაკლი ბერაია: ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაზვერვის სამსახურის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერილი, რათა მისი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ ფორმატში დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია გააცნო და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ფართო შავი ზღვის რეგიონისა და უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, მოხსენება საინტერესო დეტალებით იყო მომზადებული და, მისივე თქმით, დაზვერვის სამსახურის საქმიანობა, მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„დაზვერვის სამსახური საკმაოდ მაღალ ეფექტიანი უწყებაა, რომელსაც დიდი ინტელექტუალური რესურსი აქვს. მას აქვს კარგი შესაძლებლობები, რომ წინმსწრებად მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება და ასევე შესაძლებლობა აქვს ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაზვერვის სამსახურის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილი იყოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამსახურს კიდევ უფრო მეტი დაფინანსება და მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს, რათა მისი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მოხსენების წარდგენის შემდეგ, შალვა ლომიძემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები