ქართული კულტურით მოხიბლული ამერიკული ტურისტული კომპანიები
ორი კვირის განმავლობაში ამერიკაში, კერძოდ, ლოს – ანჯელესსა და ნიუ-იორკში (თითო კვირა თითო შტატში) კავკასიისა და საქართველოს პრეზენტაციები გაიმართა. ამერიკის ბაზარზე საქართველო, როგორც უნიკალური ქვეყანა, ისე წარდგა. “კვირა“ ამერიკაში ტურისტული კომპანია ,,თიკა ტურის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს თიკა სვანიძე-ვენკოს დაუკავშირდა და ამ პრეზენტაციაზე კომენტარი სთხოვა: ,,ამერიკის ამ ბაზარზე, კერძოდ, ყველაზე დიდი და წამყვანი ტურისტულ კომპანიების წინაშე საქართველოს წადგენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველდღე 4 პრეზენტაციას ვმართავდით. პრეზენტაციის ბოლო დღეს ყველა ამ კომპანიის პრეზიდენტი ქართულ რესტორანში მივიწვიეთ. სტუმრებს ქართული კულტურა გავაცანით, მათ ნიუ-იორკში მოღვაწე ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფესვების“ შესრულებით ქართული ცეკვები იხილეს, მათ აგრეთვე ქართული უნიკალური ფოლკლორი და ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენები გავაცანით. ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები მოიხიბლნენ და ამჟამად თითქმის ყველა ტუროპერატორი მზადაა, რომ საქართველო თავიანთ პროგრამებში შეიტანონ. ამასთანავე, განზრახული გვაქვს, რომ ქართული კულტურით დაინტერესებული ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში წავიყვანოთ.“