გიორგი სეთურიძე – „რუსეთის სატრანსპორტო დერეფანი ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელია“
ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა – გიორგი სეთურიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტი live“-ში საქართველოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე ისაუბრა.
გიორგი სეთურიძის თქმით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით რუსეთს კარგად აწყობილი დერეფანი ჰქონდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელია.
„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ იშურებდა ინვესტიციებს და საკმაოდ კარგად აწყობილი დერეფანი ჰქონდა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. რუსეთს საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე რამდენიმე ათეული სატვირთო თვითმფრინავი ჰყავდა, რომლის საერთაშორისო ტვირთამწეობა 4 000 ტონას აღემატებოდა. ეს ყველაფერი დღეს ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელი გახდება“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანამ საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა შეძლო და მომატებული საავტომობილო ინტენსივობისთვისაც მზადაა.
„რაც შეეხება პორტებს, ბათუმი და ფოთი კერძო მმართველობის ქვეშაა და ჩვენთვის ცნობილია, რომ მათი მოდერნიზება და ტვირთგამტარიანობის ამაღლება ხდება. ვერ ვიტყვით, რომ იქ საცობებია. უმკლავდებიან და პოტენციალი კიდევ არსებობს“, – თქვა გიორგი სეთურიძემ.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სეთურიძემ განაცხადა, რომ პროექტი ექსპერტებისთვის კარგადაა ცნობილი და შეფასებული, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკას სრულად იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მართვა საკმაოდ სწორად ხდება. საავიაციო გადაზიდვებზე საუბრისას გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სატვირთო გადაზიდვებს რამდენიმე კომპანია ახორციელებს და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში 7 თვითმფრინავია ჩართული.
„პოტენციალი საკმაოდ დიდი გვაქვს, მაგრამ სწორი პოლიტიკის წარმართვა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. განვითარება სჭირდება როგორც ასაფრენ ბილიკს, ისე ტვირთების დამუშავების ცენტრებს, რაც უფრო კერძო სექტორის გასაკეთებელი იქნება, მაგრამ ხელისუფლება ამაზე ფიქრობს და ძალიან მალე ჩამოყალიბებული და პერსპექტიული პოლიტიკა აქაც გვექნება“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში გიორგი სეთურიძემ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და მდგრადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზრდა მდგრადია და პროცესები, რასაც ეს ზრდა მოყვა, ჰაერიდან არ მოსულა. „ეს ყველაფერი წინასწარ ბევრი წლის წინ, პანდემიამდე და ომამდე დაგეგმილი ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესების შესახებ მსმენელმა და ფართო საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ ხელისუფლებაში ბევრი რამ კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას და უცხოელ ინვესტორებს იმის საშუალება ჰქონოდათ, რომ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინათ“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.