შოთა გულბანი: ექსპორტის შეუქცევადი ზრდა ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებზე მეტყველებს

ეკონომისტი, შოთა გულბანი საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და, როგორც “ფეისბუქზე” წერს, პანდემიური წლის გამორიცხვით, აღნიშნული მონაცემები სტაბილურად პროგრესირებს.

მისი შეფასებით, ეს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებზე მეტყველებს.

“საქართველოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული მონაცემები პანდემიური წლის გამორიცხვით საკმაოდ სტაბილურად პროგრესირებს. მაგალითად, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა წინა 2021 წლის წლიური ექსპორტის მოცულობას.

აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკურ ზრდაშიც საკმაოდ სოლიდური წვლილი შეაქვს. შესაბამისად, მისი შეუქცევადი ზრდა, ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებზე მეტყველებს.

პანდემიური 2020 წლის შემდეგ სტაბილურად იზრდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2022 წლის 10 თვეში ზრდა 33.3 პროცენტით განისაზღვრა და 10,680.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იმპორტის ზრდა გაზრდილ შიდა მოთხოვნაზე მეტყველებს, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთგვარია ნიშანი და სტიმულია იმისთვის, რომ იმპორტშემცვლელი პროდუქტების საწარმოებლად ინვესტიციები მოიზიდონ”, – წერს გულბანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები