გია ვოლსკი: ვინც ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპარლამენტს

ის, ვინც დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპარლამენტს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროსტრუქტურებიდან კეთილგანწყობილი რეკომენდაცია მიიღო.

„ევროსტრუქტურებიდანაც საკმაოდ კეთილგანწყობილი რეკომენდაცია მივიღეთ. არსებობს უკრაინაში მიღებული კანონი, არსებობს კრიტერიუმები და თუკი ამ კრიტერიუმებზე რამე დასამატებელია ან ამოსაკლები, ამის გარჩევა სამუშაო ჯგუფებში შეიძლებოდა, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ეს არ მოხდა.
ამ საკითხის განხილვა ისე, რომ ეს უნდა ეხებოდეს ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ის იგულისხმა, არის სერიოზული დარტყმა ევროპარლამენტზე, ეს არის ბრალდება, რომ სწორედ ივანიშვილზე მორგებული კანონი უნდა მიგვეღო და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპაში არ იცოდნენ ვინ არის კეზერაშვილი, ძალიან ცდება. კეზერაშვილის განცხადება,რომ ფინანსურ რესურსებს ფლობს და სწორედ პოლიტიკის მართვისთვის გამოიყენებს ამას, მათ შორის, მედიაზე გავლენისთვის, რომელიც ზუსტად ემთხვევა კრიტერიუმებს, რაც თუნდაც უკრაინაშია მიღებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ცალკეულ პიროვნებაზე კანონპროექტის მორგება და ამაზე საუბარი ევროპარლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არის დისკრედიტაცია ევროსტრუქტურების,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვიცესპიკერი აღნიშნავს, რომ უკრაინული კანონი ევროპისთვის მისაღებია. მისივე თქმით,  კანონპროექტზე მსჯელობის პერიოდში, ევროპარლამენტის წარმომადგენლებისგან რაიმე მოსაზრებები, თუ რა შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი კანონპროექტში, არ მიუღიათ.

„ვფიქრობ, მისაღები უნდა იყოს ეს კანონი და დიდი შეცდომა იქნება კონკრეტულ პიროვნებებზე დაიწყონ მორგება ევროპის ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელმა, რადგან ეს დამაზიანებელი იქნება ევროპის იმიჯისთვის და პროცესს სერიოზულ ზარალს მიაყენებს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები