შალვა პაპუაშვილი: კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურია და ჩანს, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების ინტენსიური გაცვლა ურთიერთობებს ახალ ბიძგს აძლევს
კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ჰიუნდონგ ჩოსთან შეხვედრაზე, ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენ შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურია.
„დღესდღეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ. იმედი გვაქვს, მალე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რადგან, წინასწარი კვლევის შედეგად, მიზანშეწონილობის მხრივ, არსებობს პოზიტიური დასკვნები. მინისტრის მოადგილის მხრიდან ითქვა, რომ უკვე მალე იქნება პირდაპირი ფრენები კორეასა და საქართველოს შორის. ამასთან, ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოში მალე გაიხსნება კორეის რესპუბლიკის საელჩო. დღეს საქართველო დიპლომატიურად იფარება აზერბაიჯანიდან, ბაქოში კორეის რესპუბლიკის მიერ. ეს მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდისთვის, რათა სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი მათი მისია საქართველოში. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ეს მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, ეს საკითხიც მალე გადაწყდება და იქნება საელჩო. ჯამურად, შეიძლება ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები არის დინამიკური და ჩანს, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების ინტენსიური გაცვლა დინამიკურ ურთიერთობებს ახალ ბიძგს აძლევს. სწორედ ის შეთანხმებები, რაზეც ახლა საუბარი მიდის და რომლის მომზადებაც ხდება, შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ურთიერთობები არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ ინტენსიური იყოს როგორც ბიზნესს შორისაც და ხალხებს შორისაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.