სამეგრელოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
დღეიდან ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს. ამისთვის საქსტატმა მოამზადა 350 რეგისტრატორი, რომელიც ზემოაღნიშნულ სამუშაოებს 14 დღის განმავლობაში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, კახეთის რეგიონებსა და დედაქალაქში. ოჯახების სიების შედგენა 20 თებერვლიდან გაგრძელდება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, მარტში – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ხოლო აპრილში პირველი ეტაპი იმერეთის რეგიონით დასრულდება. საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4 ათასი ადამიანი დასაქმდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასი ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და სამოქმედო გეგმა 2013 წლის 2 აპრილს, თავის პირველ სხდომაზე დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება.