ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 109-ე შეხვედრა გაიმართება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე აღრიცხულ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და უკანონო დაკავების შემთხვევებს. საუბარი შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებსაც.
„მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა 9 ფაქტი გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი 4 თანამოქალაქე და სწორედ მათი გათავისუფლების საკითხი იქნება დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა“, – აცხადებს ირაკლი ანთაძე.