ეკა სეფაშვილი: ზიზღისა და სიძულვილის ენა საშიშია, რადგან ეს აღვივებს რადიკალიზმს
“მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი საკანონმდებლო ცვლილების – ეს არის ცვლილებები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ აღიკვეთოს საქართველოს მედიასივრცეში ზიზღისა და სიძულვილის ენა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზიზღისა და სიძულვილის ენა საშიშია, რადგან ეს აღვივებს რადიკალიზმს, საზოგადოებაში სიძულვილს და ხელს უწყობს პოლარიზაციას.
„პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხება ევროდირექტივის აუდიოვიზუალური მომსახურების შესახებ დანერგვას საქართველოს კანონმდებლობაში. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად. მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამ საკანონმდებლო ცვლილების ეს არის ცვლილებები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ აღიკვეთოს საქართველოს მედიასივრცეში ზიზღისა და სიძულვილის ენა.
ზიზღისა და სიძულვილის ენა საშიშია, რადგან ეს აღვივებს რადიკალიზმს, საზოგადოებაში სიძულვილს და ეს ხელს უწყობს პოლარიზაციას. ამას აქვს თავისი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები არა მარტო პოლიტიკური სპექტრის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ეს ახდენს გავლენას ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტსა და სფეროზე. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირიქით, ეს არის იმისაკენ მიმართული, რომ დავიცვათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.