გიორგი ამილახვარი: სხვადასხვა ძალას უნდა, საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი და ამის მთავარი დასაყრდნობი არის „ნაცმოძრაობა“
“სხვადასხვა ძალას უნდა, საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი და ამის მთავარი დასაყრდნობი არის „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, რადგან ის სწორადაა ინფორმირებული.
„ევროპარლამენტარები უკიდურესი ლოიალობით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“, ეს წლებია, ვიცით, ქართული საზოგადოებისთვის ახალი არაფერია. ბოლო რეზოლუციაშიც გახსოვთ ეს ადამიანები იყვნენ ინიციატორები, რომლებმაც შეიტანეს ისეთი ცვლილებები, რომელიც სრულიად არაობიექტური იყო. მიხეილ სააკაშვილი ან ნიკა გვარამია, რომელთაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ერთი მხრივ, კომპანიისა და ბიუჯეტის მიმართ, ნიკა გვარამიას შემთხვევაში და სააკაშვილის ქმედებებს აღარ ჩამოვთვლი. ესენი შეიძლება, იყვნენ პოლიტპატიმრები? და მოგვიწოდებენ ჩვენ, ქართულ „ხელისუფლებას… როგორ უნდა ვქნათ ეს, არ ვიცი, რომ შეწყდეს სამართლებრივი დავა მათ მიმართ. მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის უპრეცედენტო ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში, მას უწოდებენ ,,ოლიგარქს,, და ითხოვენ სანქციებს და მექანიზმებს. როდესაც ასეთი ცვლილებები თითქოს „ოდიოზურ“ ევროპარლამენტარებს შეაქვთ შესწორებაში რეზოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე, გასაგებია, რომ აქ საქმე გვაქვს ერთ დიდ სამწუხარო ამბავთან, რომ სხვადასხვა ძალებს უნდათ საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი და ამის მთავარი დასაყრდნობი არის „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოში ომის პარტია, რომელიც ასევე არის პირველადი წყარო და აწვდის ცრუ, არაობიექტურ ინფორმაციას ამ ადამიანებს. საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ის არის სიმართლით აღჭურვილი, ამას ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ და ბოლოს მივიღებთ იმ შედეგს, რომ ეს რეზოლუცია თავის ფასს დაკარგავს თუ სუბიექტურად იქნება გარკვეული პუნქტები მასში მოცემული“, – აღნიშნა ამილახვარმა.