ლაშა ხუციშვილი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ – არასწორია
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ – არასწორია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას.
„ბევრი სხვა ფაქტორია, რაც განაპირობებს მაღალ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში და ეს არანაირ კავშირში არ არის მიგრაციასთან. ეს ფაქტორებია: ტურიზმის აღდგენა, თქვენ იცით, რომ გასულ წელს გვქონდა 35%-იანი აღდგენა, წელს ფაქტობრივად სახეზეა 100%-იანი აღდგენა, დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა ექსპორტი. დღეს გვაქვს 37%-იანი ზრდა. გარდა ამისა, მზარდია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებაც. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც დღეს სახეზე გვაქვს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ფისკალური პარამეტრების სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელ გაზრდილ რისკებთან გასამკლავებლად.
„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ გაუმჯობესებაზე, სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ შემდგომ წლებში არსებული რისკები, გარკვეულწილად, იქნეს დაზღვეული. სწორედ ეს არის პასუხი სახელმწიფოსგან, რომ 9,3%-დან ფისკალური დეფიციტი მცირდება 2,8%-მდე. ვალის დონე, რომელიც აღემატებოდა 60%-ს, წელს უკვე ჩამოსცდა 40%-ს.
რეზერვების მიმართულებით გვაქვს ფაქტობრივად, ისტორიული მაქსიმუმი, ასევე, ისტორიული მაქსიმუმს ველოდებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხითაც. ყველაფერი ეს, არის პასუხი იმაზე, თუ რა იქნება შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს პასუხი იმ რისკებზე, რაც შესაძლებელია იყოს. ბუნებრივია, გაურკვევლობა კვლავ ძალიან მაღალია ყველა ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში. შესაბამისად, ამ რისკებს სახელმწიფო ხვდება მომზადებული, მაქსიმალური ბუფერების შექმნით ყველა მიმართულებით, როგორც ფისკალური, ასევე, მონეტარული კუთხით. სახელმწიფომ ყველა ის დამატებითი რესურსი, რომელიც მიიღო ქვეყანამ, ამა თუ იმ მიმართულებით, გამოიყენა სწორედ ბუფერების შესაქმნელად, იმისთვის, რომ ქვეყანა მომდევნო პერიოდში დაზღვეული იყოს შესაძლო რისკებიდან გამომდინარე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ეს რისკები არც მატერიალიზდეს იმ მასშტაბით, რაც არის პროგნოზირებული, თუმცა, ქვეყანა მზად უნდა იყოს და სწორედ ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად კონსერვატიული 5%-იანი პროგნოზით ვგეგმავთ მომდევნო წლის ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.