ვახტანგ კაპანაძე: პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის – ის პოლიტიკურად დამარცხებულია

“პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის. ის პოლიტიკურად დამარცხებულია, ყველამ ზურგი შეაქცია, მისი წონა და სტატუსი დაქვეითდა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ დასამარცხებელია”, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

კაპანაძე ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ პროცესებს აფასებს.

“რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებიდან ჩანს, რომ ხერსონიდან გასვლას კი არ აპირებს, პოზიციების გამაგრებისთვის ემზადება. ის გადაადგილებები და განცხადებები კი უფრო სამხედრო ფანდია და უკრაინისა და მისი მოკავშირეების შეცდენა აქვს მიზნად. რუსეთს ხერსონის მიმართულებაზე თავმოყრილი ჰყავს ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები, მდინარის მარცხენა ნაპირზე დაცვის ზღუდეებს აძლიერებს და ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაც დაიწყო, რაც მხოლოდ მათზე ზრუნვას კი არა, ინფორმაციის გადინების შემცირებასა და საკომენდანტო სამსახურის გაძლიერებას ემსახურება. თუ მოსახლეობას გაიყვანს, მათი მომარაგებით უზრუნველყოფა არ დასჭირდება და რაიონს მხოლოდ სამხედრო დანიშნულება ექნება. ამასობაში კი რუსული პროპაგანდა ხერსონს “გამარჯვებულ რაიონად” გამოაცხადებს. სამხედროები მიტოვებულ სახლებს იკავებენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქუჩებში ბრძოლისთვის მომზადებას აპირებენ – მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჯგუფდებიან და ხერსონისთვის იბრძოლებენ. ის რთული რეგიონია, ძირითადი ძალებისგან დნეპრი აშორებს. ამიტომაც აირჩიეს რუსებმა მარჯვენა ნაპირი, ბუნებრივი ზღუდე აქვთ. ვფიქრობ, პოლიტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ ადრევე უნდა დაეტოვებინათ, მით უფრო, თუ იქიდან ოდესასა და ნიკოლაევზე შეტევას არ აპირებდნენ. თუკი მხარეებს შორის რაღაცის დასათმობად მოლაპარაკება დაიწყება, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ უკრაინა ყირიმი-ლუგანსკი-დონეცკს აღიარებს… ამიტომაც სჭირდება რუსეთს ზამთარი, ზეწოლა ევროპაზე ლობისტების ჩართვით და მძიმე ენერგეტიკული პირობებით. მდიდარ ქვეყნებს მარაგები აქვთ, მაგრამ ზოგს შედარებით სუსტი ეკონომიკა აქვს, ისინიც ევროკავშირის წევრები არიან, სადაც რუსული ლობი ძლიერია. შეიძლება ამ ქვეყნებმა უკრაინაზე ზეწოლა სცადონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს.

ხერსონი უკრაინის ტერიტორიას ყირიმისგან აშორებს და რუსეთი სახმელეთო დერეფნად იყენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, ის შემდეგი შეტევებისთვის სამხედრო პლაცდარმი იქნება. მოლაპარაკებამდე თუ მივიდა საქმე, მსუყე ლუკმის სანაცვლოდ დათმობს, განსხვავებით კახოვკისა და ზაპოროჟიესგან, საიდანაც ყირიმი წყლით მარაგდება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხერსონის გარშემო საქმე მარტივად არ არის – სევეროდონეცკს თუ არ ჩავთვლით, რომელიც უფრო თავდაცვითი ხასიათის იყო და უკრაინელებისთვის უშედეგო აღმოჩნდა, ქალაქში ბრძოლის, შტურმით აღების გამოცდილება არა აქვთ. ცალკეულ აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, არც ეტყობათ, რომ ხერსონის შეტევისთვის ემზადებიან. ქალაქში ბრძოლები კი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ეს არის ბლოკირება, მომარაგების ხაზების მოკვეთა, შიდა ბრძოლა, რომელიც ასევე ოთხი შიდა დონისგან შედგება, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და სახურავსაც მოიცავს. გასათვალისწინებელია ზამთრის მოახლოებაც და შემოდგომაც, ხშირად ნისლია, რაც ხილვადობას ართულებს, გართულებულია შენიღბვისა და ფარული გადაადგილების შესაძლებლობები. იმის თქმა, რომ ზამთარში ტალახში მძიმე ტექნიკას გადაადგილება გაუჭირდება, სისულელეა – 21-საუკუნეში მაღალი გამავლობის მანქანებისა და ჯავშანტექნიკისთვის ტალახი პრობლემას არ წარმოადგენს… რაც შეეხება ბელარუსს, მათი სამხედროების უკრაინაზე­ შეტევა ნაკლებად მოსალოდნელია, თუნდაც იმიტომ, რომ 40-ათასიან ჯარში სამანევრო კომპონენტი 20 ათასი ან ნაკლები იქნება. არც ბრძოლის მოტივაცია აქვთ მაღალი. შესაძლოა ბელარუსში რუსული სამხედრო დაჯგუფება შეიქმნას. ამისთვის რუსული კომპანიების დაფინანსებით სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია მოხდა და დიდი რაოდენობით ეშელონების მიღება შეუძლიათ. მიმდინარეობს სასწავლო ცენტრებისა და ბაზების მშენებლობა. 20 ათასამდე რუსი სამხედრო უკვე შეყვანილია. გადაწყდა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 70 ათასი სამხედროსგან შემდგარი დაჯგუფების განთავსებაც. შესაძლოა მათში ბელორუსებიც არიან, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას იქ დიდი სამხედრო ძალის მობილიზება მოუწევს. კიევზე იერიშს გამოვრიცხავ, მაგრამ უკრაინული ძალების დაქსაქსვისთვის რუსეთი ყველაფერს გააკეთებს. თუ რუსები ავდეევკა-უგლედარი-ბახმუტის მიმართულებით მეტრობით მიიწევენ წინ, პავლოვკასთან, სლატოვოსა და კრემენოისთან უკრაინელებს აქვთ წინსვლა, ოღონდ დიდ წარმატებას ვერც ისინი აღწევენ. ორივე მხარე ცდილობს ზამთრის დადგომამდე დრო მაქსიმალურად გამოიყენოს, მერე კი “ოპერატიული პაუზა” აიღოს. ეს უკრაინას ძალიან სჭირდება. ბოლოდროინდელი კონტრშეტევის შემდეგ რუსებივით სულელურად არ უნდა მოიქცნენ – ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსებმა ოპერატიული პაუზა არ აიღეს, შედეგად კი უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და უკანაც დაახევინეს. უკრაინას აჩქარება არ სჭირდება. ზამთარი როგორმე უნდა გადააგორონ, ეს დრო რეზერვების დაგროვებისა და გაზაფხულზე კონტრშეტევისთვის უნდა გამოიყენონ. რუსეთი კი ეცდება ეს დრო სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად გამოიყენოს, პარალელურად, ბახმუტი-უგლედარის აღება სცადოს, პოზიციები უკვე გამაგრებული აქვთ. იმდენად არიან ამაზე გადართული, თავდაცვის მთავარ რაიონზე, კრამატორსკი-სევერკისზე გასვლას არც ფიქრობენ, თუმცა მცირედი წინსვლით ამასაც რომ მიაღწიონ, წარმატებად ჩაეთვლებათ.ფრონტი ათას კილომეტრზე მეტ ფართობზეა გადაჭიმული. ბოლო ხანებში რუსეთს უამრავ ადგილზე ჰქონდა “ღრიჭო”, რაც ნაწილობრივი მობილიზაციის დამსახურებით ამოავსო. ამიტომაც შეფერხდა უკრაინელების მოქმედებები.

რუსეთმა ხარისხი ვერა, მაგრამ თავდაცვის სიღრმე და სიმჭიდროვე რაოდენობრივად გაზარდა. 300 ათასი კაცი მოაგროვეს მობილიზაციით და ამ ხაზზე გადაანაწილეს. ამას დაემატება საშემოდგომო გაწვევა და მთლიანობაში, 500 ათასი კაცი გროვდება. შესაძლოა მომავალ წელს ისევ გამოაცხადოს მობილიზაცია, რაც 300-400 ათასი კაცისგან შემდგარ ცოცხალ ძალას ნიშნავს. ეს კი, სულ თითო ცალი ავტომატი რომ დაურიგონ, ცოტა არ არის. რუსეთს “ზამთრის ეფექტი” ასე წარმოუდგენია: პუტინი ელოდება, რომ უკრაინის მოსახლეობა ბოლო დროს დაწყებულ იერიშებს, რომელთა სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია, ვერ გაუძლებს და ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას მოსთხოვს. რაც შეეხება აღჭურვილობასა და მომარაგებას, რუსეთი ყოველთვის იპოვის ქვეყნებს, რომლებისგანაც ამუნიციის ყიდვას შეძლებს. საბჭოთა კავშირის დროინდელი სამობილიზაციო რეზერვები გაანიავეს, აღარ სჭირდებოდათ და ნაწილი გაიყიდა, დანარჩენი კი კორუფციას შეეწირა, ზოგიც გაფუჭდა. ვიცი, რუსების სამხედრო გაწვევის ცნობაში წერია, რომ თავად უნდა შეიძინონ სამხედრო ფორმა და ისე უნდა გამოცხადდნენ სამხედრო პუნქტში. ეს განვითარებული ქვეყნებისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ სამხედრო საქმეში არის ასეთი ცნება – რაოდენობა ხარისხის კატეგორიას იძენს. ათ ცუდად მომზადებულ და აღჭურვილ ადამიანს თუ ავტომატებს დაურიგებენ, ერთ მიმართულებაზე შეიძლება იგივე საქმე გააკეთონ, რაც ერთმა კარგად აღჭურვილმა და პროფესიონალმა სამხედრომ. ისტორიულად რუსეთს ადამიანურ დანაკარგზე რეაქცია ნაკლებად აქვს. ჟუკოვის ცნობილი ფრაზა, ქალები ისევ გააჩენენ ბავშვებსო, ისევ აქტუალურია. ასეთია რუსეთის მოსახლეობის ფსიქოლოგია. თუმცა ის მხოლოდ რუსებისგან ხომ არ შედგება – ნაციონალურ რეგიონებში, დაღესტანში, ბურიატიაში, ჩუვაშეთში ეს დანაკარგი მტკივნეულად აღიქვეს. თუმცა ის თანხა, რომელიც ოფიციალურად არის გაცხადებული ომში წამსვლელთათვის, 3 ათასი დოლარი, იმ უკიდურესად ღარიბი რეგიონების მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს. ჯერ მხოლოდ 400 დოლარი მისცეს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ პროტესტი მასშტაბური არ გამხდარა. მოსახლეობა პროპაგანდის მსხვერპლია და სინამდვილე ბევრმა არ იცის. დაღუპულთა ოჯახებიც მოატყუეს, ზოგს სიმბოლური თანხა მისცეს, ზოგს კი არაფერი. ცენტრალურ რეგიონებსა და ქალაქებში, მაგალითად, მოსკოვისა და პეტერბურგის ოლქებში, ხმაურს ერიდებიან და შედარებით კეთილსინდისიერად იქცევიან, მაგრამ სხვაგან მოატყუეს. რუსეთს აღჭურვილობაც ძალიან უჭირს, მისი შეძენა ხელახლა უწევს, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთი ომში სამხედროებს ვერ უშვებსო, არასერიოზულია.

შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებს არ კმარა. ვგულისხმობ სამოქალაქო და სტრატეგიული ობიექტების დაცვას, თორემ მთელი ქვეყნის ცა ვერ დაიხურება. უკრაინას გაზაფხულისთვის ჯავშანტექნიკაც დასჭირდება დიდი კონტრდარტყმებისთვის. სამხედრო ტექნიკას, რომელსაც ახლა იღებენ, მხოლოდ დანაკარგის შესავსებად იყენებენ, ახალი დაჯგუფების შექმნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ლენდ-ლიზის პროგრამა ამოქმედებულია, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ომი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. ევროპაში ასეთი მასშტაბის საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ასე რომ, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე ვსაუბრობთ, ეს მოხდება მაშინ, როდესაც პუტინი ჩიხში მოექცევა. მას კი ჯერ აქვს რესურსი. ზამთარი წინ არის, შეუძლია ისევ გამოაცხადოს მობილიზაცია, ბელარუსიც მხარს უჭერს და სხვა უჩინარი დამხმარეებიც ჰყავს. პუტინი ახლა უკრაინისა და დასავლეთის მოსახლეობის მოთმინებას ცდის. ის პოლიტიკურად დამარცხებულია, ყველამ ზურგი შეაქცია, მისი წონა და სტატუსი დაქვეითდა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ დასამარცხებელია”, – განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები