„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბერს დიდი პრემიერით გაიხსნება
9 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, 9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს.
„ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ერთადერთი ბაროკოს ფესტივალია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მუსიკა ბაროკოს ავთენტიკური მანერით, ისტორიულ ინსტრუმენტებზე სრულდება. ფესტივალი ასევე გამოირჩევა იმით, რომ ყოველ წელს სიურპრიზებით არის დატვირთული და ქართველ მსმენელებს აბსოლუტურად უცნობი ნაწარმოებების პრემიერებს სთავაზობს! წლევანდელი ფესტივალი სწორედ ასეთი სიურპრიზით დაიწყება და 9 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალს გახსნის ბოჰემიელი კომპოზიტორის, იან დისმას ზელენკას უნიკალური ნაწარმოები – Missa Sanctissimae Trinitatis, ZWV 17(„წმინდა სამების მესა“), რომელიც საქართველოში პირველად შესრულდება!
იან დისმას ზელენკაიოჰან სებასტიან ბახის თანამედროვე მუსიკოსი იყო და მას,თავად დიდი ბახი იმდენად დიდ პატივს სცემდა, რომ ნებართვაც კი აიღო მისი ნაწარმოებების შესრულებისთვის. 9 ნოემბერს კი ქართველ მსმენელს ექნება პატივი, იოჰან სებასტიან ბახის ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორის მართლაც რომ გენიალური ნაწარმოების ქართული პრემიერა მოისმინოს!
ნაწარმოებს კი თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად შეასრულებენ:გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი – ზვიად ბოლქვაძე) და ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი გერმანელი დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი.
კონცერტში აგრეთვე მონაწილეობენ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი);სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია); ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი) და ქართველი თეორბისტი, გიორგი კუზანაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოდის გერმანიიდან, სადაც იგი ქალაქ ფრანკფურტის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში ისტორიული ინსტრუმენტების ფაკულტეტზე სწავლობს“, – განაცხადა თეა მუქერიამ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: www.biletebi.ge